შეერთებულმა შტატებმა პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
პრესმდივნის განცხადებით, ბოიკოტი უკავშირდება ჩინეთში ადამიანის უფლებების შემაშფოთებელ დარღვევებს. სწორედ ამ შეშფოთების გათვალისწინებით, პეკინის ოლიმპიადაზე შტატებიდან ოფიციალური დელეგაცია არ გაემგზავრება.
ამასთან, ფსაკის თქმით, ბოიკოტის მიუხედავად, ამერიკელი სპორტსმენები შეძლებენ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას და მათ სრული მხარდაჭერა ექნებათ.
მისივე განცხადებით, დიპლომატიური ბოიკოტი მკაფიო მესიჯი უნდა იყოს პეკინისთვის, შეერთებული შტატები ადამიანის უფლებების დარღვევას არ შეეგუება.
"ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაგზავნის დიპლომატიურ ან ოფიციალურ წარმომადგენლობას პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სინცზიანის პროვინციაში მიმდინარე გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებს უკავშირდება", - თქვა ფსაკიმ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
ფსაკიმ ასევე თქვა, რომ თამაშების დიპლომატიური ბოიკოტი არ ნიშნავს "ამით დამთავრდება ის შეშფოთება, რომელსაც ჩვენ გამოვხატავთ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით".
მანამდე, ჩინეთმა განაცხადა, რომ ბოიკოტის შემთხვევაში მიიღებს "მკაცრ კონტრზომებს".
პეკინის ოლიმპიადა 2022 წლის 4-20 თებერვალს არის დაგეგმილი.
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩინეთს ადანაშაულებენ მუსლიმი უიღურების მიმართ იძულებით შრომასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებში ჩინეთის სინცზიან-უიღურის რაიონში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ჩინეთს ბრალს დებენ ასევე სინცზიანის პროვინციაში მასობრივ დაკავებებსა და წამებაში. იუწყებიან, რომ ამ პროვინციაში ჩინეთმა შექმნა ე.წ. შრომითი ბანაკები, სადაც ასეულ ათასობით უიღურ მოქალაქეებს ამყოფებს.
უიღურთა მასობრივი შევიწროების გამო, წლის დასაწყისში ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ჩინეთის წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციები დააწესეს.