რამდენად წაადგება საქართველოს და მის მოსახლეობას მსგავსი ექსპერიმენტები თავად მოსახლეობის განსასჯელია, თუ რა თქმა უნდა, მოსახლეობაში კიდევ დარჩა განსჯის უნარი და სურვილი, რაშიც სულ უფრო მეტი ეჭვი გეპარება კაცს, როდესაც უყურებ საზოგადოების პასიურობას იქ სადაც არცერთი მომწიფებული საზოგადოება არ დარჩებოდა პასიური.
სააკაშვილმა კი როგორც ჩანს მიაგნო იმ სანუკვარ ნიშას, რომელიც დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ძალიან დაეხმარება მას და მის გარემოცვას ხელისუფლებაში დარჩენაში. ალბათ იკითხავთ რატომ და როგორ? ამის ნაწილობრივ ახსნას იძლევიან ის გამოხმაურებები რაც ხელისუფლების "ექსპერიმენტებს" ახლავს.
ხელისუფლებასთან დაახლოებულ ინტელექტუალთა წრის წარმომადგენელი, ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე საკმაოდ გულახდილად წერს, რომ "ვარდების რევოლუციის" შედეგად საქართველომ მიიღო "სრულიად სხვა ხელისუფლება, რომლის გამოცდილებაც მანამდე არ გვქონია და რომელიც ყველაზე უფრო ჰგავს ნამდვილ ხელისუფლებას, მათ შორის იმ გადაცდომებითა და დარღვევებით, რომელიც იმ ხელისუფლებას აქვს, რომელიც რეფორმებს ატარებს: ამ პროცესში ყოველთვის არ ხერხდება ადამიანის უფლებების დაცვა."(?!)
პრო-სახელისუფლებო ჟურნალ "ტაბულა"-სთან ინტერვიუში აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბაასი აღტაცებული საუბრობს საქართველოში ინგლისური ენის 10000 მასწავლებლის ჩამოყვანაზე. სააკაშვილისეული ინიციატივით ინგლისური ენის ცოდნა ქვეყანაში სავალდებული ხდება, მის ცოდნის გარეშე ადამიანი უმაღლესი განათლების დიპლომს ვერ მიიღებს, ფაქტიურად ინგლისური ენა თავის სტატუსით ბევრით არაფრით ჩამოუვარდება სახელმწიფო ენას. ინგლისური ენის ცოდნის და თანაც კარგად ცოდნის საჭიროებას ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ რატომ ხდება იმათი დისკრიმინაცია და უფლებების შელახვა ვისაც არ შეუძლია ან რაღაც მოსაზრებით არ სურს ინგლისურის სწავლა, ამაზე არავინ საუბრობს.
სააკაშვილის აპოლოგეტები კი გულხელდაკრეფილნი არ სხედან. გავლენიან Le Figaro-ში სააკაშვილის ფრანგი მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი სტატიაში "ატლანტიზმის გამოცდა „ახალი მსოფლიოს" ფონზე, წერს: "ატლანტიზმის ფუძემდებლური პრინციპები ჯერ კიდევ ცოცხლობს: ეს არის ინდივიდუალურ თავისუფლებათა პატივისცემა, კაპიტალის, ადამიანებისა და აზრების თავისუფალი გადაადგილება, ეთნიკურ და კულტურულ ფესვებზე მაღლა მდგომი კოსმოპოლიტიზმი, კანონის უზენაესობა, მეცნიერული და ინტელექტუალური ინოვაციების დაფასება. ეს პრინციპები ქმნიდნენ და კვლავაც შექმნიან გლობალიზაციის საფუძველს და მას არეგულირებენ. კულტურულ ფესვებს მოწყვეტა თანამედროვე ეპოქიდან მოყოლებული ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილია. იგი რამდენადაც გვაშინებს, იმდენადვე უნდა გვამხნევებდეს." გლუქსმანს ამ პრინციპების განხორციელების ორ თვალსაჩინო მაგალითად ბრაზილია და.... საქართველო მოჰყავს. "მეორე მაგალითი საქართველოა. სულ რაღაც 7 წლის წინ გაბანკროტების პირას მყოფი ქვეყანა დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ლაბორატორიად იქცა...ეს ერთადერთი „გადარჩენილი" ქვეყანაა მათ შორის, ვინც 1989 წელს ინიცირებული ემანსიპაციის გაგრძელებას ფერადი რევოლუციების ტალღით 2000-იანი წლების დასაწყისში ცდილობდა. დღევანდელ საქართველოს 30-40 წლის ახალგაზრდები მართავენ. მათი ერთგულება ატლანტიკური პრინციპებისადმი, ევროპის ყურისძირში „უკვდავების შადრევანივით" (La fontaine de Jouvence) ჩქეფს.
გავლენიანი ბრიტანული "Independent" კი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ მორიგ ექსპერიმენტზე, ჩვენს ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან 40,000 ბურის (ანუ ჰოლანდიელი ახალმოსახლე) ჩამოსახლებაზე წერს და აღნიშნავს, რომ "საქართველოს მთავრობა წარმოუდგენელი მიგრაციული პროექტის ინიციატივთ გამოვიდა და სამხრეთ-აფრიკელ ფერმებს მათ ქვეყანაში მიწების შეძენას ფაქტობრივად უსასყიდლოდ სთავაზობს - თანამედროვე მიწათმოქმედებაში გამოცდილების და პროფესიონალიზმის სანაცვლოდ." ბრიტანულმა გაზეთმა გვაცნობა ის, რაც არცერთ ქართულ მედია საშუალებას არ უცნობებია. გაზეთს მოჰყავს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას განცხადება, რომელმაც ახლახანს თბილისში სამხრეთ-აფრიკელი ფერმერების დელეგაცია მიიღო და მათ მყარი გარანტიები შესთავაზა, თუკი ქვეყანაში დასახლდებიან. „ჩვენ სასოფლო-სამეურნეო სფეროსთვის ინვესტორებს ვეძებთ, რადგან საქართველო ყოველთვის მიწათმოქმედების ქვეყანა იყო, საბჭოთა პერიოდში კი ეს ტრადიციები დავკარგეთ"(?!). საქმე უკვე დაიძრა და საინფორმაციო კამპანიაც დაწყებულია http://www.boers.ge/ როგორც მოსალოდნელი იყო ხელისუფლებას არ უკითხავს საზოგადოების აზრი ამ ექსპერიმენტზე. გაზეთ "კვირის პალიტრის" 8-11 ნოემბრის გამოკითხვით კი გამოკითხულთა 85.1% ბურების საქართველოში შესაძლო ჩამოსახლებას უარყოფითად აფასებს და სავსებით გასაგებია რატომაც.
"მდგრადი ვერას" სახელით ცნობილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ კი ამასწინათ განაცხადა რომ საქართველოს შეუძლია გახდეს გლობალური ლაბორატორია ელექტომობილების გამოყენების კუთხით.
ექსპერიმენტების ნუსხა შეიძლება კიდევ გავაგრძელოთ, რადგანაც პრაქტიკულად არ დარჩენილა ცხოვრების სფერო სადაც ხელისულებას მიკრო დონეზე რაიმე გლობალური ექსპერიმენტი არ წამოეწყო. მთავარი კი ის გახლავთ, რომ სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ საქართველოს ბაზაზე შექმნილი გლობალური ექსპერიმენტების მიკრო-ლაბორატორია ის ახალი პროდუქტია, რომელიც ისევე კარგად იყიდება საერთაშორისო პოლიტიკურ ბაზრებზე, როგორც თავის დროზე "ვარდების რევოლუცია."
ზაალ ანჯაფარიძე