საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ, აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაგრატიონმა საფრანგეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯომარესთან, ლორენ ჟერმანთან, MEDEF International-ის და საფრანგეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
პაპუნა ლეჟავამ დეტალურად ისაუბრა საბანკო სექტორზე, არსებულ გამოწვევებსა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომელიც ხელს უწყობს სექტორის გამართულ ფუნქციონირებას და სტაბილურობას. ამასთან, სებ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბურკიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან ვრცლად ისაუბრა ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებისა და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფის შესახებ. მან ხაზი გაუსვა საკასო ცენტრის იმ მაღალტექნოლოგიურ პროგრამებს, რომელიც საშუალებას იძლევა ერთიანი სისტემით აკონტროლოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნაღდი ფულის ნიშნების მოძრაობა. შეხვედრაზე Rothchild-ის, BNP Paribas-ის, Obertur Cash Protection-ის, MND-ს, MONTAZ-ის, SYSTRA-ს და ONEPOINT-ის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან კომერციული შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ. MEDEF International კერძო ორგანიზაციაა 30-წლიანი ისტორიით, რომელიც 800 ათას ფრანგულ საწარმოს აერთიანებს და საფრანგეთის მთავრობის მნიშვნელოვანი პარტნიორია.