ფოტო: EU
დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.
როგორც მინისტერიალის დაწყებამდე გაცხადდა, საგარეო საქმეთა მინისტრები განსაკუთრებულ ყურადღებას უკრაინა-რუსეთის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების საკითხს მიაპყრობენ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
"ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ მოვლენებით, თუ რა ხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საზღვრებთან. კერძოდ, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედროების განთავსება ძალიან შემაშფოთებელია და ვფიქრობ, რომ ყურადღების დიდი ნაწილი ამ საკითხს დაეთმობა. ასევე, საქართველოში არსებული სიტუაცია ყურადღების მიღმა არ დარჩება. ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მასზე საქართველოს მთავრობის რეაგირება იქნება განხილული", - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა (თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს).
შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც მიიღებს.