ლარზე ზეწოლის შემდეგ, რაც ძირითადად სავარაუდოდ არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინებითა და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებით იყო გამოწვეული, როგორც მოსალოდნელი იყო, ბაზარზე აღნიშნული კონვერტაციების შებრუნების ნიშნები გამოჩნდა, აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ინფორმაციაში.
როგორც თობისი კაპიტალში განმარტავენ, საკუთრივ, როგორც სებ-ის ფულადი აგრეგატების ყოველდღიური მონაცემების შეფასება მიუთითებს, ლარის დეპოზიტების ზრდა წინა თვესთან შედარებით გაძლიერდა, ვალუტის დეპოზიტები კი მნიშვნელოვნად შემცირდა. მართლაც, ლარისა და ვალუტის დეპოზიტებს შორის რეკორდულად მაღალმა საპროცენტო დიფერენციალმა, არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტის შედარებითი სტაბილურობის პირობებში, ლარში ინვესტირება უნდა გააძლიეროს.
"სამომავლოდ, ლარისადმი გაზრდილი ინტერესი არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების მოცულობის ზრდაშიც უნდა აისახოს, თუმცა, ისტორიულად, ეს უფრო მეტად აშშ დოლარის განაკვეთებზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება თავად აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს, გასული კვირა ლარისთვის პოზიტიური არ იყო. კერძოდ, აშშ-ში ინფლაციამ 1990 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია - ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები თ/თ 0.9%- ით (მოსალოდნელი 0.6%-ის ნაცვლად), წლიურად კი 6.2%-ით (მოსალოდნელი 5.9%-ის ნაცვლად) გაიზარდა. ამ მხრივ, გასული თვე გამონაკლისი არ იყო და წინა შვიდი თვიდან ხუთის შემთხვევაში ფასების ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებელი მოსალოდნელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რაც არსებული ინფლაციის გარდამავალ ბუნებასა და ბოლო რამდენიმე FOMC შეხვედრაზე გაცხადებულ ფედერალური სარეზერვო სისტემის სამომავლო რბილ პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს. ამრიგად ბაზრის მონაწილეების უმეტესობა 2022 წლის ივნისის კომიტეტზე განაკვეთის ზრდას ვარაუდობს. აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინების გადმოწევასთან ერთად დოლარი ევროსთან მიმართებით ერთ დღეში 7%-ზე მეტით გამყარდა.
რა შეგვიძლია ვთქვათ სამომავლოდ? მოკლევადიან პერიოდში, დოლარის გაძლიერების ალბათობა როგორც ჩანს უფრო მაღალია, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ფსონს მაინც შედარებით ძლიერ ევროზე ვდებთ. რაც შეეხება ლარს, ჩვენი მოლოდინი ძირითადად უცვლელია - სავარაუდოდ, ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, მაგრამ, ამავდროულად გლობალურად აშშ დოლარის გამყარებაც გასათვალისწინებელია", აცხადებენ თიბისი კაპიტალში.