15 ნოემბერს, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტერიალი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი თვით ადრე იმართება და მიზნად ისახავს დისკუსიის წარმოებას სამიტის მთავარი თემების ირგვლივ.
დავით ზალკალიანი კოლეგებს გაუზიარებს ქართული მხარის მოლოდინებსა და პრიორიტეტებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა სამიტის დეკლარაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივები, მათ შორის, ევროკავშირთან საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული მიმართულებებით და ამ მხრივ, შავი ზღვის პოტენციალის ათვისება, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა, ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება და ა.შ.
ვიცე-პრემიერი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და კოლეგებთან ერთად იმსჯელებს ევროკავშირის როლისა და ჩართულობის გაძლიერებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
მინისტერიალის პარალელურად დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარ, ოლივერ ვარჰელისთან, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების უფრო ფართო სპექტრს განიხილავს.