მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
გვარამიას თქმით, კალციუმისა და ცილების დრამატულმა დაცემამ შეიძლება წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა.
"მართალია დაუძლურებულია... პროგნოზს ვეღარ გავაკეთებ... ეს ის ვითარებაა, სადაც ადამიანი არ იღებს კალციუმს და ცილებს, იღებს მხოლოდ გლუკოზას და მთავარია კალციუმი და ცილები და შეიძლება მათმა დრამატულმა დაცემამ წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა. რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია დანის პირზე სიარული, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე სიარული. პირდაპირ გეტყვით, ლატარეას თამაშობენ 50/50-ზე ალბათობით. ამის კონსტატაციას ვახდენ უკვე, ემოციურად გადმოცემის თავიც და სურვილიც აღარ მაქვს. ფაქტი არის ეს, ვისაც უნდა, რომ გაიგოს, გაიგოს, - ამბობს ნიკა გვარამია.
8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს თბილისში, გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
როგორც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის მოტყუებით გამოიყვანეს რუსთავის ციხიდან და გლდანის ციხის ტერიტორიაზე მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექიმთა კონსილიუმმა გასცა. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.