საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქართულ საზოგადოებაში. კელი დეგნანის კომენტარი იყო პასუხი ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, თუ რას ფიქრობდა ის, იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია სახალხო დამცველს მიკერძოებაში ადანაშაულებს.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი კრიტიკის ნაცვლად, ქებას იმსახურებს.
"სახალხო დამცველის ოფისს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქართულ საზოგადოებაში, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებს. სახალხო დამცველი არის ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის და დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერი ნებისმიერ საზოგადოებაში, მათ შორის, საქართველოში. ისინი ასრულებენ ზედამხედველობის მნიშვნელოვან საქმეს.
მქონდა პატივი, შევხვედროდი სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს აქ, ბათუმში და ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რასაც ისინი აკეთებენ აჭარის რეგიონში. ესაა ბავშვთა შრომა, ოჯახური ძალადობა, ცნობიერების ამაღლება მოქალაქეების უფლებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში. იქ პროფესიონალები მუშაობენ. კრიტიკის ნაცვლად, ისინი ქებას იმსახურებენ", - თქვა ელჩმა დეგნანმა.