წალენჯიხაში იცით როგორი ტაძარია? საოცარი და ამ ტაძარში არის ფრესკები, სადაც ანგელოზებს მწვანე თვალები აქვთ, სიცოცხლის თვალები აქვთ. მწვანეთვალებიანი წალენჯიხა გზას გაგვინათებს, რადგან იქ არის თავისუფლების ჰაერი, მიშა, - ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
„იცით, მეგობრებო, ერთ საინტერესო რამეს გეტყვით. შეიძლება თქვენ არ იცოდეთ, მე მხატვარი ვარ და თან ვიკვლევ ხოლმე წარსულის რაღაცებს, წალენჯიხაში იცით როგორი ტაძარია? საოცარი და ამ ტაძარში არის ფრესკები, სადაც ანგელოზებს მწვანე თვალები აქვთ, სიცოცხლის თვალები აქვთ. მწვანეთვალებიანი წალენჯიხა გზას გაგვინათებს, რადგან იქ არის თავისუფლების ჰაერი, მიშა. ძვირფასო მიშა, თავს მიხედე, თავი გადაირჩინე. არ შეაკლა ამ პუტინის მონებს თავი, იმიტომ, რომ მესმის, მსხვერპლი ძალიან დიდი რამეა, მსხვერპლს დიდი შედეგები მოჰყვება, მაგრამ შეიძლება, ეს მსხვერპლი დანახულ არ იქნას. მე მაოცებს სხვათა შორის ჩვენი დასავლელი მეგობრების პასიურობა, ცოტა არ იყოს გაოცებული ვარ. რატომ ასე? იქ რაღაცა მოლდოვასთან დაკავშირებით ბევრად აქტიურები იყვნენ, იქ ბელარუსთან დაკავშირებით, რაშია საქმე? რას ელოდებიან? ვერ ხედავთ, რა დღეში ვართ და ფაქტობრივად, საქართველო ხომ აღმოსავლეთის უკიდურესი, ყველაზე მძლავრი ბლოკპოსტია. მასზე დგას ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპები და დასავლური ფასეულობები. ხელიდან უშვებს დასავლეთი საქართველოს? არა, ეს მშვენივრად იცის ჩვენმა მესამე პრეზიდენტმა და ძვირფასმა ადამიანმა, ამიტომ, კიდევ ერთხელ – მიშა, არ დაგვტოვო, მოიკრიბე ძალა. ჩვენ შენ ძალიან გვჭირდები. შენ სჭირდები საქართველოს მომავალს“, – აცხადებს გია ბუღაძე.