სხვათა შორის, მაოცებს ჩვენი დასავლელი მეგობრების პასიურობა, ცოტა გაოცებული ვარ, რას ელოდებიან? მიშა, არ დაგვტოვო, მოიკრიბე ძალა, – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
გია ბუღაძემ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.
„მიშა, იცოცხლე მიშა. უნდა გადარჩე, უშენოდ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება, თავის თავს დაკარგავს. ასე არ შეიძლება, ძალიან გთხოვ მოიკრიბე ძალები. შენ სჭირდები საქართველოს, შენ ჩვენ გვჭირდები, ძალიან გვჭირდები. აბა, ნახე, რამდენ ადამიანს მოუკლავ გულს, თუ ისე დამთავრდება, როგორც ამ გარეწრებს უნდათ, პუტინის მონებს უნდათ. არ შეიძლება ეს ასე მოხდეს, არ შეიძლება, ამხელა დანაშაული და უბედურება დაატყდეს თავზე ჩვენ საწყალ, გაუბედურებულ, გაღატაკებულ ქვეყანას, რადგანაც კიდევ მეორე პრეზიდენტი მოვკლათ? და შევეგუოთ ამას? არა, არავითარ შემთხვევაში. მიშა, იფიქრე დედაშენზე, იფიქრე შენს შვილებზე და ჩვენზეც იფიქრე, საქართველოზე იფიქრე. ვიცი, რომ ფიქრობ, მაგრამ შენ ცოცხალი გვჭირდები. გლოვა არ გვინდა, ჩვენ გამარჯვებისთვის გვინდა ბრძოლა. ისეთი ბრძოლა, როგორიც ჩატარდა წალენჯიხაში, ჩემს ძვირფას წალენჯიხაში”, - განაცხადა გია ბუღაძემ.