კოსოვომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სერბეთში რუსეთის საელჩოს პრიშტინის ფილიალის ორი რუსი დიპლომატი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის გამო. ამის შესახებ კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ განაცხადა.
ოსმანი მოსკოვს რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, კოსოვოში რუსული სამეკავშირეო ოფისის ორი თანამშრომელი გამოაცხადოს პერსონა ნონ გრატად, მათ დესტრუქციული საქმიანობის გამო, რამაც ზიანის მიაყენა რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებასა და კონსტიტუციურ წესრგის", - დაწერა ოსმანმა სოციალურ ქსელში.
ვიოსა ოსმანი თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ კოსოვოს ხელისუფლება მუდამ მზად არის, აღკვეთოს რუსეთისა და რეგიონში მისი სატელიტების ყველს მცდელობა, რომელიც კოსოვოს, შეერთებული შტატების, ნატოსა და ევროკავშირის მიღწევების განადგურებისკენაა მიმართული.
"ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან, რათა კოსოვო არ გახედეს მოსკოვის ამბიციების მსხვერპლი", - დასძენს ვიოსა ოსმანი.
უცნობია, თუ კონკრეტულად რაში ადანაშაულებს პრიშტინა რუს დიპლომატებს.
მომხდარს მალევა გამოეხმაურა ბელგრადში რუსეთის საელჩო, რომლის თქმით, "კოსოვოს ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია".
"ჩვენ არ ვაღიარებთ კოსოვოს "დამოუკიდებლობას" და, შესაბამისად, რეგიონულ „მთავრობას“ და სხვა“ სტრუქტურებს. „ჩვენთვის პრიშტინის არცერთ გადაწყვეტილებას არ აქვს იურიდიული ძალა", - ნათქვამია რუსეთის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
კოსოვომ 2008 წლის 17 თებერვალს ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა. ამავე წელს კოსოვოს დამოუკიდებლობა ცნო 54-მა სახელმწიფომ. პრიშტინა აცხადებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 117 სახელმწიფოს.
საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.