გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე კლინიკიდან უინძორის ციხე-სიმაგრეში დაბრუნდა. ინფორმაციას BBC სამეფო კარზე დაყრნობით ავრცელებს.
მონარქმა ბოლო წლების განმავლობაში პირველად ღამე კლინიკაში გაატარა.
ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, დედოფალი კლინიკაში წინასწარი გამოკვლევებისთვის იმყოფებოდა. ამჟამად, ის უინძორშია და თავს კარგად გრძნობს.
სამედიცინო გამოკვლევისთვის დედოფალი ლონდონის ცენტრში მდებარე მეფე ედუარდ VII-ის სახელობის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა. იუწყებიან, რომ აღნიშნული მდგომარეობა არ უკავშირდება კოვიდ-19-ს.
ექიმებმა დედოფალს დატვირთული გრაფიკის შემდეგ, რამდენიმე დღით დასვენება ურჩიეს.
კლინიკაში ვიზიტამდე, ელისაბედ მეორემ ჩრდილოეთ ირლანდიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. მანამდე მან უინძორის ციხე-სიმაგრეშეი გამართულ გლობალურ საინვესტიციო სამიტს უმასპინძლა.
მოელიან, რომ ელისაბედ მეორე დაესწრება კლიმატის ცვლილების გლობალურ სამიტს, რომელიც ორ კვირაში გლაზგოში უნდა გაიმართოს.
ელისაბედ მეორე მომავალ წელს ტახტზე ასვლის 70-ე წლისთავს იზეიმებს.