საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ორჯერადად აცრილ პირებს შორის მხოლოდ 11 000 ინფიცირდა კორონავირუსით, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის, აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, 23 იყო ორჯერადა აცრილი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული 11 000 ინფიცირებულთა შორის სხვადასხვა ვაქცინით აცრილები იყვნენ და ამ შემთხვევაში, რომელიმე ვაქცინის უპირატესობა არ გამოკვეთილა.
„ორჯერადად აცრილი არის 903 000. დიახ, ამ 903 000-დან 11 000-ს დაემართა „კოვიდი“, მაგრამ მათ უმრავლესობას არ დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია. რა თქმა უნდა, ერთეულებია, სანამ არ გამოვა მიმოხილვა, ციფრებს არ დავასახელებ. არის გარდაცვლილებიც, დაგიდასტურებთ. 23 გარდაცვლილი გვყავდა აგვისტო ბოლო რიცხვით ორჯერადად აცრილი, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში და ეს ძალიან დეტალურად შეისწავლება, ვერბალურ აუტოფსიას ვეძახით ამას, ყველა იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებით. განასხვავეთ ახლა თქვენ, სამწუხაროდ, 9 000-მდე გარდაცვლილი და მათ შორის, 99 პროცენტი აუცრელი და აცრილებში – 23“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.