ხვალ, 15 ნოემბერს, 09:30 საათზე, სასტუმროში "ამბასადორში" გაიხსნება სემინარი საზღვრის ერთიანი მართვის პრინციპებისა და მათი შესწავლის მეთოდოლოგიის საკითხებზე.
ხუთდღიან სემინარს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის მართვის უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. საქართველოს მხრიდან სემინარში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, აზერბაიჯანის მხრიდან - საზღვრის სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი და მიგრაციის სახელმწიფო სამსახური.
სემინარს გაუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები ჩეხეთიდან, რომელნიც მონაწილეებს ევროკავშირში მიღებულ სასწავლო მეთოდოლოგიას გააცნობენ.
სემინარი ჩატარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს, დანერგონ საზღვრების მართვის ერთიანი სისტემა სამხრეთ კავკასიაში.