კუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას. თუ ასე გაგრძელდა და ვერ ავწიეთ იმუნიზაციის ყოველდღიური მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, 60%-ზე ვერ გავალთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, ვერ დაესმება წერტილი ეპიდემიას.
"შესაძლოა შემთხვევების რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატოს. ამას მოჰყვება აქტიური შემთხვევების ზრდა, ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა და ყველა ის თანმდევი მოვლენა, რაც ახასიათებს კოვიდვითარების გაუარესებას. აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსიფიცირება. თუ იქნება ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, მერე დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას. თუ ასე გაგრძელდა და ვერ ავწიეთ იმუნიზაციის ყოველდღიური მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, 60%-ზე ვერ გავალთ. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ აცრა აუცილებელია პირველ რიგში იმ ადამიანისთვის, ვინც იცრება, მერე მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის და მის ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანისთვის. ამიტომ ყველა დამსაქმებელს მინდა ვთხოვო, მოიკითხონ როგორია მის დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი. სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, ვერ დაესმება წერტილი ეპიდემიას და ორი-სამი თვის პერიოდულობით სულ გვექნება სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები, რაც როგორც ადამიანურ, ისე ეკონომიკურ დანაკარგს მოიტანს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.