საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების პრიორიტეტი ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანის უზრუნველყოფაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა პოლიტიკოსებს, ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, იქონიონ უფრო მეტი თანაგრძნობა მოქალაქეების მიმართ.
"უპირველეს ყოვლისა გვინდა გამოვეხმაუროთ ბათუმის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტს. ამ მომენტისთვის, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების პრიორიტეტს ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გამოყვანის უზრუნველყოფა წარმოადგენს. იცით, რომ ჩვენმა მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანა და ჩვენ ახლა ვალდებული ვართ სწორედ ამ ამოცანაზე ვკონცენტრირდეთ.
ამ კონტექსტში, მინდა ყველას მოვუწოდო, ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, იქონიონ უფრო მეტი თანაგრძნობა მოქალაქეების მიმართ და უგულშემატკივრონ ჩვენი მაშველების მიერ სამაშველო ღონისძიების წარმატებით დასრულებას. სამაშველო ღონისძიების დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ უმოკლეს ვადებში დადგინდება ამ შემთხვევის მიზეზები", - თქვა პაპუაშვილმა.
რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.