29 სექტემბერს ვატიკანში, რომის პაპთან ფრანცისკესთან პოეტ დათო მაღრაძის აუდიენცია შედგა. შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო ფრაზა დათო მაღრაძის პოემიდან "ბარაქიანი მიწა": "აჩრდილი დადის ევროპაში, პოეზიის აჩრდილი დადის, - მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად…". შეხვედრას ესწრებოდა ვატიკანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ბაგრატიონი.
პოემა "ბარაქიანი მიწა" ნათარგმნია ინგლისურ, იტალიურ, შვედურ, ესპანურ, რუსულ ენებზე და მას უაღრესად მაღალი შეფასებები მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში.
პოემა "ბარაქიანი მიწა" პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე ქართველმა მწერლებმა და ლიტერატორებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის დეკემბრის თვეში წარადგინეს, სადაც სამეცნიერო სემინარის ფარგლებში შედგა ნაწარმოების განხილვა.
2020 წლის ოქტომბრის თვეში პოემისთვის "ბარაქიანი მიწა" ორტა-სანჯულიოს კუნძულზე ინგლისური გამოცემის “Poetry on the lake”-ის და UNESCO- ს კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე დავით მაღრაძე მთავარი პრიზით “ვერცხლის დრაკონით” დაჯილდოვდა.