ბრიტანეთის პოლიციამ შეტყობინება გაუგზავნა ინტერპოლს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში მესამე ეჭვმიტანილის შესახებ.
ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა განაცხადა, რომ პროკურატურამ მოახდინა იდენტიფიცირება და ბრალი წაუყენა სკრიპალების მოწამვლის საქმეში მესამე ფიგურანტს.
ბრიტანელი სამართალდამცველების ინფორმაციით, მესამე ფიგურანტი რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი დენის სერგეევია, რომელიც დიდ ბრიტანეთში სერგეი ფედოტოვის სახელით ჩავიდა. მას სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობასა და პოლიციელ ნიკ ბეილის ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებაში, ასევე ქიმიური იარაღის შენახვსა და გამოყენებაში ადანაშაულებენ.
ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს, რამაც საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ლონდონი ნივთიერება "ნოვიჩოკის" მეშვეობით სკრიპალების მოწამვლაში რუსეთს ადანაშაულებს.
ბრიტანეთის პროკურატურამ 5 სექტემბერს ბრალი წაუყენა რუსეთის ორ მოქალაქეს - ალექსანდრ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვს, სკრიპალებსა და ბრიტანელ პოლიციელზე თავდასხმაში. ლონდონის განცხადებით, პეტროვი და ბოშიროვი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები არიან.
მოსკოვი სოლსბერის ინციდენტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.