ხვალ, 19 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში ზუგდიდის თეატრის მსახიობები ითამაშებენ.
ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი ნიცშეს ნაწარმოების მიხედვით დადგმულ "ზარატუსტრას ჟამს" წარმოადგენენ.
საგასტროლოდ შერჩეული სპექტაკლის პრემიერა 26 მაისს შედგა. დრამატურგ რეზო კლდიაშვილის მიერ ნიცშეს ნაწარმოების მიხედვით დაწერილი "ზარატუსტრას ჟამი" ზუგდიდის თეატრის მმართველმა და მთავარმა რეჟისორმა ირაკლი გოგიამ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენაში მონაწილეობს თავად დრამატურგი, რაც ქართულ სინამდვილეში უპრეცედენტო შემთხვევაა.
შეგახსენებთ, რომ რეზო კლდიაშვილის სახელთანაა დაკავშირებული სპექტაკლები: "საპოვნელა", "შორაპნელი ქალბატონები", "იადონას თეატრი", "მარტოობის ბინადარი". აქტიურად თანამსრომლობდა სოფიკო ჭიაურელის სახელობის ერთი მსახიობის თეატრთან, მონაწილეობდა ჰოლანდიურ-გერმანულ- ქართულ პროექტში "სუფრა", რომლის პრემიერაც 2003 წელს ბერლინსა და ამსტერდამში შედგა.
სპექტაკლში ზუგდიდის თეატრის, თითქმის, მთელი შემოქმედებითი დასია დაკავებული, მათ შორის: გოგი გუგუჩია, გიგა კიტია, ზურაბ ლაშხია, ნანა ბუკია ნათია გუდაძე, მალხაზ მესხია, მარინა დარასელია და სხვები.