ENG / RUS       12+

უკრაინა სახელმწიფო გერბს ცვლის - რატომ?

უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონპროექტი "უკრაინის სახელმწიფო გერბის შესახებ" პირველი მოსმენით დაამტკიცა .

კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ეთმობა უკრანის დიდი სახელმწიფო გერბის აღწერას, რომელიც მიუხედავად საკონსტიტუციო ჩანაწერისა, ამ დრომდე არ არსებობდა.

ზოგადად, სახელმწიფო სიმბოლოთა პრაქტიკა იცნობს დიდ და მცირე გერბებს.

უკრაინის რადას კანონპროექტი გადაუგზავნა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც, დიდი გერბის დამტკიცება მიზნად, ფაქტობრივად, პრეზიდენტობის პირველივე დღეებში დაისახა.  კანონპროექტის კანონად ქცევას რადას მიერ კიდევ ერთხელ დამტკიცება სჭირდება.

ახალი გერბის ესკიზს ისტორიკოსები და ჰერალდიკოსები მწვავედ აკრიტიკებენ.

პრეზიდენტ ზელენკის ინიციატივას მოსახლეობაშიც კრიტიკის ტალღა მოჰყვა. ექსპერტების მიერ გამოთქმული პროფესიული პრეტენზების გარდა, რომელიც გარკვეულწილად ესკიზის დიზაინს ეხება, არის კითხვება - სჭირდება კი უკრაინას "დიდი გერბი?".

ტრიდენტი

უკრაინის ამჟამინდელი გერბი არის ტრიდენტის (სამკაპის) გამოსახულება. პირველად იგი კიევის რუსეთის მმართველის, ვოლოდიმირ დიდის დროს მოჭრილ მონეტებზე ჩნდება. ტრიდენტი გამოიყენებოდა, როგორც უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გერბი, 1917-1921 წლებში.

ვოლოდიმირ დიდის მმართველობის დროს მოჭრილი მონეტა, X-XI საუკუნეები.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ უკრაინის კონსტიტუცია ითვალისწინებს ქვეყანაში დიდი სახელმწიფო გერბის არსებობას. ისტორიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი კომუნისტების "დამსახურებით" გაკეთდა, რომლებიც 1996 წელს, უმაღლესი კანონის მიღების დროს, უკრაინის რადაში ჯერ კიდევ მძლავრობდნენ. 

მაშინ კომუნისტებმა მხარი დაუჭირეს ტრიდენტის გერბის დამტკიცებას, თუმცა დაამატეს დებულება, რომ უკრაინას მომავალში დიდი სახელმწიფო გერბიც უნდა ჰქონოდა. ისტორიკოსები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ კომუნისტები იმედოვნებდნენ, ერთხელაც უკრაინის სახელმწიფო სიმბოლიკაში დააბრუნებდნენ ნამგალსა და უროს, ან საბჭოთა წარსულის სხვა ატრიბუტიკას.

დიდი გერბის სავალდებულო შემადგენელი ელემენტები უნდა ყოფილიყო ვოლოდიმირ დიდის სამთავროს ნიშანი (ანუ ტრიდენტი) და ზაპოროჟიეს არმიის გერბი, რომელზეც გამოსახულია კაზაკი მხარზე მუშკეტით. 

კანონპროექტს საბოლოოდ დასამტკიცებლად მინიმუმ 300-მა დეპუტამა უნდა დაუჭიროს მხარი.

უკრაინის დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე მოეწყო კონკურსი დიდი გერბის ესკიზის შესაქმნელად.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა ოფიციალურად არ არის განსაზღრული, თემაზე მომუშავე ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ დიდი გერბის კიდევ ერთი სავალდებულო ელემენტი უნდა იყოს ოქროს ლომი - დასავლეთ უკრაინის მიწების არაფორმალური სიმბოლო. ოქროს ლომი გამოსახული ქალაქ ლვოვის გერბზე.

კონკურსი რამდენჯერმე ჩატარდა, გამარჯვებულებიც გამოავლინეს, რომელთაც პრიზები მიიღეს, შემდეგ პოლიტიკოსებმა უარი თქვეს მათ დამტკიცებაზე და გამოაცხადეს ახალი კონკურსები.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ 2013 წელს პრეზიდენტ იანუკოვიჩის დროს შეკრებილმა საკონსტიტუციო კომისიამ იმაზეც კი იმსჯელა, საერთოდ ხომ არ ამოეღოთ კონსტიტუციიდან დიდი გერბის შესახებ დებულება, მაგრამ მალე კიევში ევრომაიდანი დაიწყო და გერბი კარგა ხანს არავის გახსენებია.

ბოლოს კონკურსი 2020 წლის აგვისტოში გამოცხადდა. 3 თვის შემდეგ, კონკურსის შედეგები შეჯამდა, გამარჯვებული გამოვლინდა, კანონპროექტი მომზადდა და გერბის ესკიზთან ერთად უმაღლეს რადას წარედგინა.

ბოლო ხანებში, პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვებს დიდი გერბის ესკიზის ფონზე წერს.

"ლომის ფეხები"

ზელენსკის მიერ წარდგენილი გერბის ესკიზი ისტორიკოსებისა და ჰერალდიკოსების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ამ ესკიზის კრიტიკა ძირითადად მიემართება გვირგვინს, რომელიც მასე არის გამოსახული. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ "ღირსების გვირგვინი" დამახასიათებელია იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთაც ხანგრძლივი და მძლავრი მონარქიული ტრადიციები აქვთ, რაც თანამედროვე უკრაინისთვის შეუფერებელია.

ესკიზის თანმხლებ დოკუმენტში გვირგვინი აღწერილია, როგორც "იაროსლავ ბრძენის გვირგვინი". ისტორიკოსები ამბობენ, რომ არავინ იცის როგორ გამოიყურებოდა იაროსლავ ბრძენის გვირგვინი და საერთოდ არსებობდა თუ არა ის. ამდენად, გვირგვინი მთლიანად ავტორის ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს.

ამასთან, ექსპერტები წუხან, რომ ლომი და კაზაკი ფეხებით დგანან უკრაინის ეროვნულ დროშაზე.

ექსპერტების კიდევ ერთი კრიტიკა უკავშირდება ლომის ფეხებს, რომელიც როგორც ამბობენ, "კარგად თუ დააკვირდებით, რატომღაც ორივე მარცხენა აღმოჩნდება".

მიუხედავად ამისა, დიდი გერბის ესკიზს ბევრი მომხრეც ჰყავს.

არის კი საჭირო დიდი გერბი?

მთავარი შეკითხვა, რომელსაც კრიტიკოსები სვამენ, არის ის რომ, სჭირდება თუ არა, უკრაინას დიდი სახელმწიფო გერბი.

კრიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს, მათ შორის, ლატვიას, ესტონეთს, ჩეხეთს ან საქართველოს, აქვთ დიდი და მცირე გერბები, ეს საკმაოდ გამონაკლისი წესია და საჭიროება არ არსებობს, ამ ჩამონათვალს უკრაინაც დაემატოს.

დიდი გერბის მომხრეების არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ვინაიდან მისი არსებობა კონსტიტუციაშია გაწერილი, მაშინ აქ სადავო არაფერია.

უმაღლესი რადას სპიკერის პირველი მოადგილე, რუსლან სტეფანჩუკი ირწმუნება, რომ სახელმწიფოებრიობა მხოლოდ ისტორია ან მისი ინტერპრეტაცია არ არის, უპირველესად, ეს არის სიმბოლოები საკითხი.

მისივე თქმით, დიდი გერბი გამოყენებული იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად სახელმწიფო ბეჭდებზე, ძირითად სახელმწიფო დასაწესებულებათა ფასადებზე, ან უკრაინული ბანკნოტების ახალ დიზაინზე.

უკრაინაში ასევე გაისმის მოსაზრება, რომ დიდი გერბის დამტკიცების იდეის გაცოცხლება პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივაა, რომელიც ამგვარად ცდილობს კვალი დატოვოს უკრაინის ისტორიაში.

"პოლიტიკოსები, რომლებიც დიდი გერბის კანონის მიღების წამიერი დიდების მოპოვებას ცდილობენ, უნდა გააცნობიერონ, რომ ეს იქნება ჰეროსტრატეს დიდება. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი გერბი (ტრიდენტი) უგემოვნობისგან, უპასუხისმგებლობისა და ამბიციებისგან", - თქვა გასულ თვეს პარტია "ევროპული სოლიდარობის" წევრმა, დეპუტატმა და ისტორიკოსმა ვლადიმირ ვიატროვიჩმა, რომელიც აშკარად მიანიშნებდა მოქმედ პრეზიდენტზე.

ამ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისა და, შესაბამისად, უკრაინის დიდი სახელმწიფო გერბის საბოლოოდ დამტკიცება/არდამტკიცების თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული, თუმცა იუწყებიან, რომ სახელმწიფოს მეთაური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს.

უკრაინის ამჟამინდელი გერბის მომხრეები აცხადებენ, რომ ათწლეულების შემდეგ, უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ეროვნული სიმბოლოს შეცვლა, კონსტიტუციის მოთხოვნის გამო, გაუგებარია. მათი თქმით, ტრიდენტი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და უნიკალური ემბლემაა და მისი ჩანაცვლება სამწუხარო იქნება.

უკრაინის ამჟამინდელი გერბი და მომავალი გერბის ესკიზი

მომზადებულია BBC-ის მასალაზე დაყრდნობით