19 აგვისტოს, ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეს, ქაბულსა და აღმოსავლეთ ავღანეთში დემონსტრანტები ქვეყნის ეროვნულის (შავი, წითელი, მწვანე) დროშებით შეიკრიბნენ და თალიბანის მიერ მათი სამშობლოს ხელში ჩაგდება გააპროტესტს.
ავღანეთში 19 აგვისტოს აღინიშნება ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების 102-ე წლისთავი.
ბოლო დღეების განმავლობაში, სულ მცირე ავღანეთის ერთ ქალაქში აღმართული თალიბანის დროშა დემონსტრანტებმა ეროვნული დროშით ჩაანაცვლეს.
თალიბანს საკუთარი თეთრო დროშა აქვს, რომელზეც ისლამური გამონათქვემია გამოსახული.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, ქაბულის ქუჩებში შეკრებილი ქალები და კაცები, რომელთაც ხელთ ეროვნული დროშები ეპყრათ და სკანდირებდნენ "ჩვენი დროშა, ჩვენი იდენტობა".
სააგენტო Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქაბულში თალიბანის მებრძოლები ცდილობდნენ დაეშალათ დემონსტრაცია.
გამოცემის ინფორმაციით, რომელიც ასევე თვითმხილველების ნაამბობს ეყრდნობა, ავღანეთის ყუნარის პროვინციის ქალაქ ასადაბადში საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე ადამიანი მოკლეს.
სადაბადის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ Reuters-თან საუბრისას თქვა, რომ გაურკვევლია რის შედეგად დაიღუპნენ დემონსტრანტები, ჭყლეტის შედეგად თუ თალიბანის იარაღმა იმსხვერპლა.
"ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. თავდაპირველად შემეშინდა და არ მინდოდა წასვლა აქციაზე, მაგრამ როდესაც დავინახე, რომ ჩემი მეზობლები შეუერთდნენ დემონსტრანტებს, მეც ავიღე ჩვენი ეროვნული დროშა და წავედი", - თქვა მან.
18 აგვისტოს, ქალაქ ჯალალაბადში დემონსტრანტებმა მოედანზე აღმართული თალიბანის დროშა მოხსნეს და ეროვნული დროშით ჩაანაცვლეს. როგორც იუწყებიან, ამ ფაქტით განრისხებულმა თალიბანის მებრძოლმა ერთი დემონსტრანტი მოკლა.
ავღანური მედიის ცნობით, მსგავსი შემთხვევები მოხდა ქალაქ ხოსტსა და ასადაბადში.
ფანჯშირის ხეობა
თალიბანის წინააღმდეგ შეირაღებული მოძრაობა ყალიბდება ავღანეთის ბოლო ნაწილში, რომელიც არ არის თალიბანის კონტროლის ქვეშ, ქაბულის ჩრდილოეთით ფანჯშირის ხეობაში.
ფანჯშირის ხეობაში არიან შეკრებილნი თალიბანის მიერ დამხობილი მთავრობის წევრები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი გენერალი ბისმილა მუჰამედი და ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი. ამ უკანასკნელმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, სწორედ ის ითვლება ავღანეთის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და რომ ის არ აპირებს დანებებას.
მათ ასევე შეურთდა ავღანელი მუჯაჰიდების ყოფილი ლიდერის, საველე მეთაურისა და თავდაცვის მინისტრის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი, აჰმად მასუდი.
The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მასუდმა მოითხოვა იარაღი და დახმარება თალიბანის წინააღმდეგ საბრძოლველად.
"გწერთ ფანჯშირის ხეობიდან, მზად ვარ გავყვე მამაჩემის კვალს, მუჯაჰედ მებრძოლებთან ერთად, რომლებიც მზად არიან კიდევ ერთხელ შეებრძოლონ თალიბანს", - წერს მასუდი.