იაპონია აპირებს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ტოკიოში 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო. ამის შესახებ ეკონომიკის აღდგენის მინისტრმა იასუტოში ნიშიმურამ განაცხადა, იუწყება Reuters.
იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიადა 23 ივლისს უნდა გაიხსნას, რომელიც 8 აგვისტომდე გაგრძელდება.
ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ოფიციალურად 8 ივლისის შემდგომ გამოაცხადებს. ტოკიოს მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო ვითარების შედარებით მსუბუქი რეჟიმი იმოქმედებს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ოლიმპიადა საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად გაიმართება.
საგანგებო ვითარების შემოღების გადაწყვეტილება უკავშირდება ტოკიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმებას. ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება. ბოლო 24 საათში 920 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც ივნისის ბოლოს აღრიცხულ რაოდენობას ორჯერ აღემატება.