„დღეს საპატრიარქომ დასაჯა ხელისუფლება და შეარცხვინა მთელი მსოფლიოს წინაშე, მათ შორის, საკუთარი ნორმალური ამომრჩევლის წინაშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს სპეციფიკური თანამშრომლობა ახასიათებთ და ეს ურთიერთობა ხან ასეთია, ხან ისეთი – ზოგჯერ ხელისუფლება სჯის საპატრიარქოს რაღაც ფორმით, ზოგჯერ პირიქით, საპატრიარქო შურისძიებას აცხადებს ამაზე.
„დღეს საპატრიარქომ დასაჯა ხელისუფლება და შეარცხვინა მთელი მსოფლიოს წინაშე, მათ შორის, საკუთარი ნორმალური ამომრჩევლის წინაშე. იცის, რომ ახლა არის წინასაარჩევნო პერიოდი და წინასაარჩევნოდ ეს გაუვა, მაგრამ დღეს ნებისმიერმა ადამიანმა ძალიან წააგო, ვინც იქ დღეს ღმერთის სახელით იყო გამოსული და იმას აკეთებდა, რასაც აკეთებდა. ეკლესიამაც წააგო იქედან გამომდინარე, რომ ჯერ არ მინახავს ნორმალური ადამიანი, რომელსაც ის მოსწონებოდა, რაც ხდებოდა. ის ადამიანებიც კი, როლებიც ჩვენდა სამწუხაროდ, ტაშს უკრავენ გეების ცემას, დღეს ვერ იქნებიან ტაშის დაკვრის ხასიათზე, რადგან გეების ნაცვლად საერთოდ სხვა ხალხია გალახული. ეს ყველაფერი აწყობთ ამ ქვეყნის მტრებს. ისინი ამით ზეიმობენ. თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ ცივილიზებული ქვეყანა ვართ, ჩვენთან თანაცხოვრობენ სხვადასხვა ადამიანები და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ტრადიციების ყველაზე დამცველი ინსტიტუტი და მისი მხარდამჭერები ფაქტობრივად წყალს ასხამენ ქართულ ისტორიას და მსჯელობის მიმართულებას“ ,- აღნიშნა ხვიჩიამ.