შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც ამ თანამდებობას ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დროს იკავებდა, აცხადებს, რომ უკრაინა და საქართველო უნდა გახდნენ ალიანსის წევრები და მიიღონ წევრობის სამოქმედო გეგმა.
უკრაინული გამოცემა Европейская правда-ს ცნობით, ამის შესახებ კონდოლიზა რაისმა კიევში უსაფრთხოების ფორუმის დროს განაცხადა.
"მათთვის, ვინც მონაწილეობა მიიღო ბუქარესტის სამიტში, ყველაფერი ძალაში რჩება. ნატომ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციამ, უკრაინა და საქართველო თავის რიგებში უნდა მიიღოს, ამისათვის კი მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყნებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას", - განაცხადა რაისმა.
ამავე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ კი განაცხადა, რომ ალიანსის კარი კვლავ ღია რჩება.
"ნატოს კარი ღიად რჩება. მოკავშირეები ერთგულები არიან 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა - უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები. მოველი, რომ სამიტის შემდეგ ალიანსის ლიდერები ამას კვლავ დაადასტურებენ," - თქვა ჯეიმს აპატურაიმ.