უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ეჟელმა ქართველ კოლეგასთან, ბაჩო ახალაიასთან ორივე მხარის ინტერესებში შემავალ საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის უკრაინასა და საქართველოში, თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე. ამის შესახებ ეჟელმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის. ეს შეეხება შეიარაღებული ძალების რეფორმებს ორივე ქვეყანაში. ოპტიმიზაციას, მართვის სტრუქტურას, სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას. ამ საკითხებს მომავალშიც დავუბრუნდებით", - აღნიშნა ეჟელმა.
ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილ ეჟელის საქართველოში ვიზიტი 4 ნოემბერს დასრულდება. არსებული ინფორმაციით, უკრაინელი მინისტრი საქართველოში რამდენიმე სამხედრო ბაზას ესტუმრება და ქართველ ჯარისკაცთა მომზადების წესს ადგილზე გაეცნობა.