საქართველოში უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია უკრაინელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ახალაიას განცხადებით, უკრაინას და საქართველოს "მშვენიერი ურთიერთობების პერსპექტივა" აქვთ. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.
"უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ გვაქვს მშვენიერი ურთიერთოების პერსპექტივა. შეხვედრაზე გავცვალეთ ინფორმაცია სამინისტროების მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ამ მიმართულებით საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა გაგრძელდება", - განაცხადა ახალაიამ უკრაინის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილ ეჟელის საქართველოში ვიზიტი 4 ნოემბერს დასრულდება. არსებული ინფორმაციით, უკრაინელი მინისტრი საქართველოში რამდენიმე სამხედრო ბაზას ესტუმრება და ქართველ ჯარისკაცთა მომზადების წესს ადგილზე გაეცნობა.