1981 წლის 13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის ღირშესანიშნავი თარიღია. სწორედ ამ დღეს UEFA-ს ევროპის თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების 21-ე გათამაშების გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა.
თბილისის "დინამომ" ამ გათამაშების 1/16 ფინალში დაამარცხა საბერძნეთის "კასტორია", 1/8 ფინალში - ირლანდიის "უოტერფორდი", 1/4 ფინალში - ლონდონის "ვესტ ჰემ იუნაიტედი", 1/2 ფინალში - როტერდამის "ფეინოორდი", ხოლო ფინალში - იენას "კარლ ცაისი".
მეოთხედფინალი - თბილისის "დინამო" - ლონდონის "ვესტ ჰემ იუნაიტედი"
მეოთხედფინალში თბილისის "დინამოსა“ და "ვესტ ჰემ იუნაიტედს" შორის პირველი შეხვედრა 1981 წლის 4 მარტს ლონდონში გაიმართა და ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:1, დასრულდა.
საპასუხო მატჩში, რომელიც 18 მარტს თბილისში შედგა, "დინამოელებს" სტუმრებმა ანგარიშით 1:0 სძლიეს. ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში "დინამო" გავიდა.
ნახევარფინალი - თბილისის "დინამო" - როტერდამის "ფეინოორდი"
ნახევარფინალში თბილისის "დინამო" როტერდამის "ფეინოორდს" შეხვდა. პირველი შეხვედრა 1981 წლის 8 აპრილს თბილისში დინამოს გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა, ხოლო საპასუხო მატჩი 22 აპრილს როტერდამში "ფეინოორდმა" ანგარიშით 2:0 მოიგო. ორი მატჩის ჯამში ფინალში "დინამო" გავიდა.
ფინალი - თბილისის "დინამო" - იენას "კარლ ცაისი"
ფინალური შეხვედრა გერმანიაში, დუსელდორფის რეინშტადიონზე 1981 წლის 13 მაისს გაიმართა.
გოლები: 0:1 გერჰარდ ჰოპე (63), 1:1 ვლადიმერ გუცაევი (67), 2:1 ვიტალი დარასელია (87).
გუნდების შემადგენლობა:
"დინამო": ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (ნუკრი კაკილაშვილი 67), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია.
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი.
"კარლ ცაისი": ჰანს-ულრიხ გრაპენტინი, გერტ ბრაუერი, გერჰარდ ჰოპე (ულრიხ ოევერმანი 89), ვოლფგანგ შილინგი, ლოთარ კურბიუვაიტი (კაპ), რუდიგერ შნუპჰაზე, ანდრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბილაუ (ტომას ტიოპფერი 76), იურგენ რააბი, ებერჰარდ ფოგელი.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი. ფოტოები: გივი კიკვაძე, სერგო ედიშერაშვილი, მალხაზ დათიკაშვილი, ა. იაკოვლევის, ი. უტკინი.