იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები დაესწრებიან. ამ და სხვა გადაწყვეტილებების შესახებ იერუსალიმის საპატრიარქოს გენერალური სამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სამდივნოს განცხადებით, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრებას მხოლოდ 2 500-მდე ადამიანი შეძლებს.
მორწმუნეებს, რომელთაც ცერემონიაზე დასწრება სურთ, შაბათს, 1-ელ მაისს, 09:00 საათიდან 10:00 საათამდე უნდა გამოცხადდნენ ახალ კარიბჭესთან, სადაც მათ პოლიციისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები შეამოწმებენ, აქვთ თუ არა ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა. ასეთი მოწმობის წარდგენის შემდეგ, მორწმუნეებს აღდგომის ტაძარში, მაცხოვრის საფლავან შეუშვებენ.
ისინი, ვინც არ არიან აცრილნი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, დარჩებიან წმინდა ელენესა და კონსტანტინეს მონასტრის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე.
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავს. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი იერუსალიმში შაბათს, 1-ელ მაისს შესრულდება.