საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა, საერთოდ დაავიწყდეთ, ვინ არის გახარია. ჩემთვისაც გასაკვირი იყო, როდესაც ის გადადგა და კარგა ხანი ჩუმად იყო, - ამბობს “ჯი-ეიჩ-ენისთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ნოდია.
მისი თქმით, ჯერჯერობით, გახარიას ქცევა არაფერს ამბობს და მისი გუნდიც არაფერს წარმოადგენს.
„გასაგებია, რომ ამ პირობებში, როდესაც მას პრაქტიკულად არაფერზე არანაირი პოზიცია არ დაუკავებია, გარდა მელიას დაპატიმრებისა, აშკარად აქვს არსებობის უფლება იმ ვარაუდსაც, რომ ის ივანიშვილთან შეკრულია და მის კონტროლირებად პირად რჩება. გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ მე არ მგონია, ასე იყოს, რადგან ასეთი ვარაუდები უფრო ხშირად არ მართლდება ხოლმე. მე მგონია, რომ გახარია ამ დროს წავიდა იმიტომ, რომ მელიას დაპატიმრება მისთვის კარგი საბაბი აღმოჩნდა. დიდი ხანი იყო ის მოლოდინი, რომ გახარიას მოხსნიდნენ. ის ფაქტი კი, რომ ღარიბაშვილით რამდენიმე საათში ჩაანაცვლეს, ესაც ირიბად აჩვენებს, რომ შემცვლელი უკვე მზად იყო და უბრალოდ, გახარიამ მოვლენებს დაასწრო და თვითონ გადადგა პირველი ნაბიჯი. რაკი მას აღმოაჩნდა დამოუკიდებელი პოლიტიკოსობის ამბიცია, რასაც მე არ ველოდი, ცხადია, მელიის დაჭერის ფაქტის გამოყენება მისი მხრიდან სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რომ თავად გადამდგარიყო პროტესტის ნიშნად და არ დალოდებოდა, როდის გადააყენებდა ივანიშვილი“, - ამბობს ნოდია და აღნიშნავს, რომ .საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა, საერთოდ დაავიწყდეთ, ვინ არის გახარია.
„ჩემთვისაც გასაკვირი იყო, როდესაც ის გადადგა და კარგა ხანი ჩუმად იყო. ჩემთვის ეს იყო იმის მაჩვენებელი, რომ ოპოზიციონერობას არ აპირებდა, მაგრამ მერე აღმონდა, რომ აპირებს. ასე რომ, მისი ქცევა ჩემთვის ძალიან უცნაურია. თუ აპირებდა ოპოზიციონერობას, იმავე საღამოს უნდა წასულიყო თოქ-შოუებში და აეხსნა, ამიტომ მივდივარ და ამას ვაპირობო. მაგრამ არც ეს გააკეთა, ძალიან გვიან გამოაცხადა და იმის შემდეგაც არაფერი უთქვამს. ნამდვილად ძალიან უცნაური ოპოზიციონერია, ეს შემიძლია ვთქვა და რატომ არის უცნაური და რატომ იქცევა უცნაურად, არ ვიცი და ალბათ, ეს მას უნდა ჰკითხოთ“,- ამბობს ნოდია.