ქრისტიანული ეკლესიების უმეტესობა დღეს, 4 აპრილს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.
კათოლიკური ეკლესია, პროტესტანტები, სომეხთა ეკლესია და სხვა ქრისტიანული მიმდინარეობები უკვე მეორე წელია მთავარ ქრისტიანულ დღესასწაულს კორონავირუსის პანდემიის ფონზე აღნიშნავენ.
რომის პაპის ტრადიციული მიმართვა Urbi et orbi (ქალაქისა და მსოფლიოსადმი) მეორე წელია წმინდა პეტრეს ბაზილიკაში იმართება. უწინ პაპის ტრადიცულ მიმართვას ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნე ესწრებოდა.
ევროპის ბევრ ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები კვლავ შენარჩუნებულია, ან ხელახლა დაწესდა. მოქმედებს კომენდანტის საათი, მოქალაქეებს არ ძალუძთ სადღესასწაულო დღეებში ნათესავების მოსანახულებლად ქვეყნის სხვა რეგიონებში გამგზავრება.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თანამოქალაქეებს მოუწოდა აღდგომის დღეებში თავი შეიკავონ მოგზაურობისა და გადაადგილებისგან. პარალელურად გადაადგილების შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში, ბერლინსა და ჰამბურგში.
საფრანგეთში ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, უარი ეთქვათ აღდგომის დღესასწაულის დღეებში ხალხმრავალი საოჯახო შეკრებებისაგან.