მამა ანდრია სარია ქვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას, საბოლოო გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
მისი განცხადებით, საპატრიარქოში დღეს შედგა მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა, რომელზეც მღვდელმონაზონ ანდრია სარიას საკითხი განიხილეს.
"საქართველოს საპატრიარქოში დღეს შედგა მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა, რომელიც განიხილავს სხვადასხვა საკითხს. დღეს სხდომაზე მოწვეული იყო მღვდელმონაზონი ანდრია სარია. მას განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას. იცით, რომ მამა ანდრია სარიას მიეცა ადრე შენიშვნა. შემდგომში, შენიშვნის შემდეგ, შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, დღეს შედგა კომისია. როგორც მოგახსენეთ, მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას. კომისია მიიღებს დასკვნას და რადგანაც კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს, რეაგირებისთვის ეს დასკვნა გადაეცემა პატრიარქს. ეს არის დღევანდელი შეხვედრის შინაარსი. მღვდელმსახურებიდან განკვეთა – ეს არის დასკვნა, რომელსაც დადებს კომისია. გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება 20 იანვარს პატრიარქის ბრძანებით აეკრძალა.