ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მისი ოცნებაა.
"მე ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს, საქართველო ვნახო ერთ დღესაც ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნად. ეს არის ჩემი ოცნება", - ამბობს გაბრიელიუს ლანსბერგისი.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ეხმიანება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მიესალმება კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებების განახლებას.
"პირველ რიგში, ლიეტუვა სრულ მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს და ასეა ყველა ჩემი კოლეგა. პოლიტიკურმა ძალებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. აქ არ არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებაზე საუბარი. ეს უნდა მოხდეს საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებს შორის. ამ პროცესში ეს არის უმთავრესი.
თუ ამ შეთანხმების მიღწევაში საქართველოს დაეხმარება შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, ევროპელი მედიატორი, კრისტიან დანიელსონი, ეს ჩვენთვის მისასალმებელია და ამის იმედი გვაქვს. ჩვენ ეს გვსურს და ევროპაში ამას ველოდებით.
ქართველებმა კარგად უნდა გაანალიზონ ამ შეთანხმების სტრატეგიული მნიშვნელობა.
პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკება ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება და გზავნილი, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციით სვლა სურს. თუ არ იქნება შეთანხმება მიღწეული და პარტიები ამისთვის მზად არ იქნებიან, ეს სხვა გზავნილი იქნება.
საქართველოს მოწინააღმდეგები ამ მომენტს გამოიყენებენ. მე იმედიანად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, კრისტიან დანიელსონის მედიცია პოლიტიკურ ძალებს დაეხმარება და შედეგს მივიღებთ. ასევე მინდა გითხრათ, მე ვიცი, დანიელსონის პირველი ვიზიტის ბოლოს, შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა იყო და პოლიტიკური ძალები მართლაც ძალიან ახლოს იყვნენ ამ წერტილთან", - აცხადებს ლანდსბერგისი.