ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოგდებულია, იმისთვის რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ჩანაწერის გავრცელების მიზანი მოლაპარაკების პროცესის ჩაშლაა.
„მეორე საკითხია თვითონ იმ საკითხების მორალური გარჩევა, რომელიც ამ ვიდეოშია და საზოგადოებაში, ფაქტობრივად ყველა მოსამართლე, მსაჯული გახდა ამ საქმის. ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოგდებულია, იმისთვის რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას. არ ვიცნობ „ქართული ოცნების“ შიდა ინფრასტრუქტურასა და არქიტექტურას, მე ხომ არ ვიცი შიგნიდან ვის შეიძლებოდა რამე ჩანაწერი გამოეტანა ან არ გამოეტანა, ასევე არ ვიცი პირობითად როდინდელი ჩანაწერების ნაკრებია ეს, შესაბამისად ბევრი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკების პროცესის წინ ასეთი ჩანაწერების გამოგდება, იკითხება, როგორც პირდაპირი მიზანი, მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ტვ „პირველის“ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორების თქმით, აუდიოჩანაწერში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც მადზე ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და 2010 წელს გაკეთებული ათეულობით ჩანაწერიდან არის დამონტაჟებული.