"მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავაფრენთ პირველ სუ-25-ს, რომელთა აღდგენა ჩვენი შესაძლებლობებით მოხერხდა. შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ. ყოველ მომდევნო თვეში დამატებით სატესტო რეჟიმში გაფრინდება კიდევ ერთი სუ-25," - ასე უპასუხა ავიაციის მოდერნიზაციის თემაზე პარლამენტარების კითხვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საკომიტეტო მოსმენაზე მან აღნიშნა, რომ საავიაციო შესაძლებლობების აღდგენა და განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ამ კონტექსტით მან განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ავიაციაში 2 ვერტმფრენი, 2022 წლის ბოლომდე კი - 4 ვერტმფრენი გვეყოლება. ასევე, საავიაციო პარკი მი-24-ებითა და ამერიკული UH-1- ებით შეივსება.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წვლილი ხაზგასასმელია.
"30 წელია, რაც 31-ე ქარხანა დაიხურა. იქ დასაქმებული 15 ათასი თანამშრომელი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მსხვილ დოვლათს ქმნიდა. ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ეს ქარხანა, დავიბრუნეთ თანამშრომლებიც, ვისაც გააჩნია კომპეტენცია. ასობით მილიონი ლარის ღირებულების ავიაციას გამოუჩნდა პატრონი. გარდა იმისა, რომ ვაძლიერებთ თავდაცვით შესაძლებლობას, ასევე ვქმნით იმ დოვლათს, რაც ადრე საქართველოში იქმნებოდა. საკუთარი ძალებით უზრუნველვყავით ავიაციის აღდგენა. ამაზე ვერავინ ოცნებობდა".