ხალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, ყოფილი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს საკითხს დღევანდელ სინოდის სხდომაზე არ განიხილავენ. მისი განცხადებით, საეკლესიო წესებით ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთხელ ისჯება.
"მეუფე პეტრეზე მინდა გითხრათ, რომ არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა იმიტომ, რომ ამ ადამიანს არ დაუშავებია რაიმე ისეთი, იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა. ის ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო სინოდმა მას შეუჩერა დროებით მღვდელმოქმედება. იმის მერე რაც ეს გააკეთა, მას ანალოგიური, ამის ტოლფასი დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად, საეკლესიო წესებით, ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთხელ ისჯება მხოლოდ.
რაც შეეხება მის უკან, სინოდში მიღებას, თეორიულად ეს შესაძლებელია, მან რაც დააშავა იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს, რაც, ასევე არ გამოუხატავს, ამიტომ მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
დღეს, საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს.