ჭყონიდიდს ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე 11 თებერვალს დაგეგმილ სინოდის სხდომას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ სხდომაზე მისი ეკლესიიდან განკვეთის საკითხი იქნება განხილული. ამის შესახებ მეუფე პეტრემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.
"როგორც მოახდინა მან [პატრიარქმა] მიტროპოლიტ პეტრესთვის უკანონოდ სასჯელის დადება, ასევე მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ იქნეს მსჯელობა ამ საკითხზე და შემდეგ, ჩემს მიერ წაყენებულ ბრალდებას მიეცეს სინოდის სხდომაზე საეკლესიო სასამართლოს ფორმატში მსვლელობის გაგრძელება. ველოდები საკითხს, რომ ჩემი უკანონოდ დასჯა განხილულ იქნას სჯულის კანონის ფორმატში", - თქვა მეუფე პეტრემ.
მისი განცხადებით, პატრიარქს კანონით არ აქვს უფლება მართავდეს ეკლესიას.
"პატრიარქი უნდა განკვეთოს და გადააყენოს რჯულის კანონმა, ანუ კანონიკურმა სამართალმა. მას კანონით არ აქვს უფლება, მართავდეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. როგორც დიდი დავით გურამიშვილი ამბობს, "მე თუ გინდა თავი მომჭრან, ტანი დარჩეს გასაბერად", მაინც ვიტყვი, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს მართავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უკანონო პატრიარქი", - თქვა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე იგეგმება ჭყონდიდის ეპარქიაში ახალი მმართველი ეპისკოპოსის დანიშვნა.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთ საკითხად აპირებენ ჭყონდიდის ეპარქიის ასევე უკანონოდ და უსამართლოდ დანიშნული დროებითი მმართველის, უპრინციპო და უთავმყოვარეო ეპისკოპოს გრიგოლ კაციას ჩანაცვლებას სხვა ახალი კადრით", - აცხადებს მეუფე პეტრე.
შეგახსენებთ, სინოდის სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.