საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 11 თებერვალს დანიშნულ სინოდის სხდომაზე პატრიარქის ილია მეორის გადაყენებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ფანტაზიას უწოდებს.
"ჟურნალისტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ", - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაცია პატრიარქის სავარაუდო გადაყენებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ გაავრცელა.
"რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით, ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ - ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველიერარქის არჩევნების დანიშვნას, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება", - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.