ოპოზიციის გადაწყვეტილება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური აქტი და ვხედავთ, რომ ეს შეფასდა საერთაშორისო დონეზე, როგორც ძირგამომთხრელი საქმიანობა პარლამენტის ფუნქციონირების წინააღმდეგ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თავის მხრივ მმართველმა გუნდმა უნდა იმსჯელოს იმაზე, რა იქნება ამის საპასუხო პოლიტიკური და პროცედურული აქტი, რომელიც ოპონენტებს ნაკლებ შანსს მისცემს იმისთვის, რომ დააზიანონ დემოკრატიული ინსტიტუტები.
„ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. უმრავლესობის ამოცანაა, მოვიფიქროთ ისეთი მექანიზმი, რომელიც ერთის მხრივ, ნაკლებ შანსს მისცემს ჩვენს ოპონენტებს, რომ დესტრუქცია გამოიჩინონ და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს, რომ პარლამენტმა იფუნქციონიროს ისე, როგორც ამ ინსტიტუტს შეესაბამება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.