სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.
ილია მეორემ მრევლს ნინოობა მიულოცა.
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – წმინდა ნინოს დღეს. განსაკუთრებით ვულოცავ, ვინც ატარებს მის სახელს.
თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელისა – ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას. ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს.
წმინდა ნინოს ცხოვრება ეს არის უდიდესი სასწაული. თქვენ გიფიქრიათ იმაზე, თუ საიდან მოიპოვა ამდენი ძალა, ამდენი ენერგია, რომ წამოსულიყო ამ შორეულ ქვეყანაში?!
ღმერთი იყო მასთან, ღმერთი იფარავდა მას და მისი ლოცვა ძლიერია დღესაც. ჩვენ ყველანი ვგრძნობთ მის შემწეობას. შეგეწიოთ წმინდა ნინოს მადლი და ღვაწლი. შეგეწიოთ მისი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი", - თქვა პატრიარქმა.
27 იანვარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.