რისიც ივანიშვილის მთავრობას ერიდება და ეშინია, ეს არის ხალხის ძალის ნახვა, -ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე. მისი თქით, პროტესტი ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ "ჭკვიანურად" იმოქმედოს.
როგორც მან აღნიშნა, დაწესებულმა შეზღუდვებმა შეიძლება საზოგადოების პროტესტს ხელი შეუშალოს, თუმცა მისი თქმით, ხალხმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არის თუ არა მზად შეეგუოს იმ შეზღუდვებს, რომელსაც მთავრობა აწესებს:
"პროტესტი არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მთავრობა გონს მოეგოს და ცოტა უფრო ჭკვიანურად იმოქმედოს. დღევანდელი მიდგომა, რაც მთავრობას აქვს, არის ის, რომ მაქსიმალური შეზღუდვები, ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე იმ შედეგებზე, რომელიც მერე დგება.
რაც შეეხება ხალხის გარეთ გამოსვლას, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი რისიც ივანიშვილის მთავრობას ერიდება და ეშინია, ეს არის ხალხის ძალის ნახვა.
გამართლება იმისა, თუ ადამიანი რატო არ მიდის გასაპროტესტებლად ყოველთვის შეიძლება არსებობდეს და ყოველთვის შეიძლება იპოვო. სხვა რამეშია საქმე, რამდენად არის საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ამ პროტესტის გარეშე შეეგუოს იმ შეზღუდვებს, რომლებიც დღეს არის. რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის თითოეული ოჯახის უსაფრთხოებას",-ამბობს კაპანაძე.