საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს სამების საკათედრო ტაძრიდან ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარმიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა, ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა პატრიარქმა.
მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. წირვის შედეგ ეკურთხა დიდი აიაზმა და ნაკურთხი წყალი დაურიგდება მორწმუნე მრევლს.
ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი.
სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის საიდუმლო.
ბოლო წლებში, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში მორწმუნეებს შორის დამკვიდრდა განბანვის რიტუალი - მდინარესა და ზღვაში შთაფვლა, თუმცა წელს ეს ტრადიცია, პანდემიის გამო არ შესრულდება.