მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი დაურიგდება მორწმუნე მრევლს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება.
ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი.
სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის საიდუმლო.
ბოლო წლებში, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში მორწმუნეებს შორის დამკვიდრდა განბანვის რიტუალი - მდინარესა და ზღვაში შთაფვლა, თუმცა წელს ეს ტრადიცია, პანდემიის გამო არ შესრულდება.