პანდემიის გამო, ბათუმში ნათლისღებას ზღვაში განბანვის რიტუალი არ შესრულდება.
"18 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა. 19 იანვარს 09:00 საათზე კი ნათლისღების სადღესასწაულო წირვა, წყალკურთხევა (დიდი აიაზმა). პანდემიიდან გამომდინარე წელს ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება", - ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.
"ზღვაში შთაფლვის რიტუალი" აჭარაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ინიციატივით, 13 წლის წინ აღდგა.
ტრადიციულად, ნათლისღების ღამეს, ბათუმში ზღვის წყლის კურთხევის შემდეგ, მრევლი განბანვის/შთაფლვის რიტუალს ზღვაში ასრულებდა.
19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს და მის წინა დღეს (წინადღესასწაულზე) ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა აღესრულება.
ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს მაცხოვრის სამგზის შთაფვლას მდინარე იორდანეში.