ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს "კოვიდ-19"-ის პირველი ტალღის დროს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას და არ ასრულებდა რეკომენდაციებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) პირველი ტალღის დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას და არ ემორჩილებოდა მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
საზოგადოების უკეთ ინფორმირებისა და ბრალდებების საპირწონედ გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს სხვადასხვა დროს ეკლესიის მიერ გავრცელებული განცხადებებიდან, მათ შორის, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვიდან, საქართველოს საპატრიარქოსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებებიდან და ა.შ.
რაც შეეხება ცალკეულ სასულიერო პირთა ინდივიდუალურ განცხადებებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს განცხადებები არ გამოხატავს და ეწინააღმდეგება ეკლესიის საერთო და ოფიციალურ პოზიციას.
ამჯერად გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს 2020 წლის პირველ აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ გავრცელებული მიმართვიდან.
"შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:
ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:
ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია;
სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;
მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II", – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.