ეს არის ერთ-ერთი ისეთი თემა, რომლითაც ქართული ოცნება მანიპულირებს და ცდილობს, არასწორად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, - სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს, თითქოს პარალელური დათვლის შედეგების მმართველი გუნდის სასარგებლოდ ჩასწორებამ არჩევნების გაყალბების საკითხი ამოწურა
„8% უბნებზე დისპროპორცია, რაზეც ჩვენ გადათვლას ვითხოვდით, რომ დადგენილიყო, ხარვეზი იყო ეს, თუ გაყალბება. ის, რომ საჩივრების განხილვა არ მოხდა, ის, რომ კარუსელებს ჰქონდა ადგილი, რაც ძალიან გამაოგნებელი ფაქტი იყო. მე, რაც სამართლიან არჩევნებში ვმუშაობ, ჩვენ კარუსელი არ გამოგვივლენია. კარუსელი პირდაპირ მიუთითებს არჩევნების გაყალბებაზე. ეს არ არის ტექნიკური შეცდომა.
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ზეწოლაზე, მუქარაზე, ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ეს იყო ამ არჩევნების პრობლემები.
გასაგებია, მათი მხრიდან, რომ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და აქცენტი გადაიტანონ მეორეხარისხოვან საკითხებზე“, - თქვა ნიჟარაძემ.