საქართველოს თავდაცვის ძალების მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში ჩავიდა. ასეულს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ნათენაძე და შტაბის უფროსი მაიორი თენგიზ გობაძე დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.
ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ქაბულში, "მტკიცე მხარდაჭერის" შტაბის ბაზაზე მისიას აშშ-ს სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს. ქართველი სამხედროები მისიის ფარგლებში ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ.
მშვიდობისმყოფელთა ასეულმა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა.
აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.