ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის ყველა არჩევნები გაყალბებულად ჩაითვლება მანამ, სანამ მათთვის სასურველი შედეგები არ დადგება.
როგორც მან ცესკო-ს შემაჯამებელ სხდომაზე აღნიშნა, შემაჯამებელ ოქმში 2 მილიონამდე ამომრჩევლის ნებაა ასახული, რომელიც 9 საარჩევნო სუბიექტზე გადანაწილდა.
"დღეს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე ყველა არჩევნები არის თურმე მათი თვალთახედვით გაყალბებული მანამ, სანამ არ მოხდება სასურველი შედეგების დადგომა. ეს ასე ვერ იქნება. ქვეყნის და ხალხის მიერ გამოხატული ხმები არის სწორედ განაწილებული იმ 9 საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც ამ შემაჯამებელ ოქმშია ასახული. შესაბამისად, ეს 2 მილიონამდე ამომრჩევლის ნებაა, რომელიც გადანაწილებულია 9 საარჩევნო სუბიექტზე. ეს არის ძალიან დიდი ლეგიტიმაცია, როდესაც ხალხი აძლევს საარჩევნო სუბიექტებს ამ ლეგიტიმაციას, რომ მათ იმუშაონ პარლამენტში და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ხალხისა და ქვეყნის სახელით, როცა ყველ მათგანის ხმაზე ვისაუბრებთ და არა ცალკეულ, კერძო გამოხატვაზე", - განაცხადა ჟვანიამ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელსაც არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო.