2021 წელს "დიდი ოცეულის" სამიტი რომში გაიმართება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.
მისი თქმით, სამიტი 2021 წლის 30-31 ოქტომბერს გაიმართება.
"დღეიდან იტალია გადაიბარებს "დიდი ოცეულის" თავმჯდომარეობას. ჩვენ საჭირო პასუხები უნდა გავცეთ გლობალურ გამოწვევებს. უნდა ვითანამაშრომლოთ, რათა ერთად ავაშენოთ უკეთესი სამყარო ჩვენი მომავალი თაობებისთვის", - თქვა კონტემ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში.
იტალიის თავმჯდომარეობის სლოგანია "ხალხი, პლანეტა, კეთილდღეობა".
"თავმჯდომარეობის განმავლობაში ჩვენი პრიორიტეტები იქნება მდგრადი და სამართლიანი განვითარების უზრუნველყოფა, გარემოს დაცვა და ახალი საფრთხეების დაძლევა, მათ შორის ჯანმრთელობის კრიზისი", - დასძინა კონტემ.
"დიდი ოცეულის" თავმჯდომარეობის ფარგლებში, 3-4 მაისს რომში გაიხსნება კულტურისა და ტურიზმის მინისტრების ფორუმი. 28-30 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება ქალაქ მატერაში. ეკონომიკის მინისტრები 9-10 ივლისს ვენეციაში შეიკრიბებიან. გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის საკითხებზე ფორუმი 22-23 ივლისს ნეაპოლში გაიმართება, ჯანდაცვის მინისტრები 5-6 სექტემბერს რომში შეხვდებიან. სოფლის მეურნეობის საკითხებზე ფორუმი გაიხსნება 19-20 სექტემბერს ფლორენციაში.
იტალიის პრემიერ მინისტრი იმედოვნებს, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება მოხერხდება და ონლაინფორმატი საჭირო არ გახდება.
"დიდი ოცეულის" სამიტის თავმჯდომარეობა იტალიამ საუდის არაბეთისგან გადმოიბარა. თავდაპირველად, 2021 წელს თავმჯდომარე ინდოეთი უნდა ყოფილიყო, ხოლო იტალიას 2022 წელს უწევდა. თუმცა ნიუ დელის თხოვნით, რიგითობა შეიცვალა, რადგან ინდოეთი 2022 წელს დამოუკიდებლობის 75-ე წლისთავს აღნიშნავს და სურდა ორივე ღონისძიების ამ წელს აღნიშვნა.