შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა, რომლებმაც 2020 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგებით, უმრავლესობა კვლავ შეინარჩუნეს, პალატის სპიკერის თანამდებობაზე მოქმედი სპიკერი ნენსი პელოსი წარადგინეს.
სპიკერის თანამდებობაზე პელოსის ასარჩევად კენჭისყრა მომავალი წლის იანვარში უნდა გაიმართოს. იმის გათვალისწინებით, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატების ხელშია, ნენსი პელოსის არჩევას ფაქტობრივად ხელს არაფერი შეუშლის.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის იანვარში, როდესაც ნენსი პელოსი სპიკერად აირჩიეს, მას დემოკრატი თანაპარტიელების მხრიდან ერთსულოვანი მხარდაჭერა არ ჰქონდა. მაშინ პელოსის სპიკერად არჩევას 15 დემოკრატი შეეწინააღმდეგა.
არჩევის შემთხვევაში, 80 წლის ნენსი პელოსი კიდევ ორი წელი იმსახურებს სპიკერის თანამდებობაზე.
ნენსი პელოსი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრია 1987 წლიდან. პალატის სპიკერის თანამდებობას ის 2007-2009 წლებში და 2019 წლიდან დღემდე იკავებს.
ნენსი პელოსი პირველი ქალია ამერიკის ისტორიაში, რომელმაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობა დაიკავა.