ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, მომდევნო რაუნდზე ოპოზიცია ელოდება ხელისუფლებისაგან გონივრულ წინადადებას, წინააღმნდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია გააგრძელებს მშვიდობიან მანიფესტაციებსა და სხვადასხვა პროტესტის ფორმას.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა ივანიშვილმა არჩევნების გაყალბებით, ამრიგად ნაბიჯი უნდა გადაიდგას მისგან და მან უნდა მოიტანოს გონივრული წინადადება, სხვა შემთხვევაში კი, როგორც კაპანაძემ აღნიშნა, პარლამენტი იქნება ერთპარტიული, საბჭოური სტილის.
„ჩვენ ველოდებით მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს და ველოდებით, რომ ხელისუფლების მხრიდან რაღაც გონივრული წინადადება იქნება, თუ ეს გონივრული წინადადება არ იქნა წამოყენებული და თუ ისინი უარს აცხადებენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტრატეგიას, რომელიც აქამდე გვაქვს შემუშავებული, რაც გადის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არჩევნების შედეგების არაღიარებაზე, ამ პარლამენტის ლეგიტიმურად არ ცნობაზე და როგორც გარეთ, მშვიდობიანი მანიფესტაციების გზით, ისე სხვა ფორმების გამოყენებით პროტესტზე და იმის მცდელობაზე, რომ მიღწეული იქნას ახალი არჩევნები რაც შეიძლება მალე.
ამიტომ, ჩვენ პოზიციაზე გავლენას არ ახდენს არცერთი სხვა ფაქტორი, ეს პოზიცია გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, როდესაც გააყალბა არჩევნები და იმ რეალობიდან, რომელიც დღეს ქვეყნაშია შექმნილი, ეს არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ხელისუფლებას „გავუპრავოთ“ ეს პარლამენტი, მას შეეძლო, რომ ეთამაშა წესებით, შეეძლო, რომ არ გაეყალბებინა და გვქონოდა ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, მაგრამ მან ეს გზა არ აირჩია.
ამიტომ, მოლოდინი ეხლა ოპოზიციური პარტიებისგან, რომ ჩვენ გადავდგამთ ამ ნაბიჯს არის სრულიად არაადეკვატური, ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩართული ვიქნებით ბუნებრივია მოლაპარაკებებში და ვნახავთ რა წინადადებით მოვა ქართული ოცნება, თუ ისინი წინადადებას არ მოიტანენ, მაშინ მივიღებთ ერთპარტიულ, საბჭოური სტილის პარლამენტს“, - განაცხადა კაპანაძემ.